პოლიტიკა
პარლამენტმა ,,ტყის კოდექსის" პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომლის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 79 ხმით დაამტკიცა. პროექტის წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია. 

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა. მესამე მოსმენა კი კომიტეტის სხდომაზე 20 მაისს შედგა. კომიტეტმა ამჯერადაც მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილების წინააღმდეგ განცხადებები გაავრცელეს.

Print