პოლიტიკა
"წინასწარ ეგრე იყო საჭირო" - ახალციხის საკრებულოში დეპუტატების გასვლის გამო, ფრაქცია დაიშალა

 

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" დაიშალა. მიზეზი ორი დეპუტატია, რომლებმაც გადაწყვეტილების შესახებ განცხადება თავმჯდომარის სახელზე 22 მაისს დაწერეს. წარმომადგენლობითმა ორგანომ ფრაქციის დაშლა 27 მაისის საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღო. დეპუტატებს ფრაქციის დატოვების მიზეზი დღეს არ განუმარტავთ.

"ქართული ოცნება - მწვანეები" მაშინ ჩამოყალიბდა, როცა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დეპუტატებმა ფრაქციების შექმნა დაიწყეს. აქ სამი წევრი იყო გაერთიანებული - თამარ გოგოლაძე, არჩილ უჩიძე და მკრტიჩ გინოსიანი.

ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ის "შიდა სამზარეულოს" ჩამოაშორეს, რადგან უფლება ჰქონდა ბიუროს სხდომებს დასწრებოდა, სადაც საკითხები დეტალურად განიხილება.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატების მიერ, ფრაქციის ერთდროულად დატოვების მიზეზით არ დაინტერესებულა. გელა ნოზაძის ვარაუდით, ორივე დეპუტატი ფრაქცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდება.

 


Print