პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს სამშობლო, მაგრამ არ გვაქვს სახელმწიფო - მამუკა ხაზარაძემ სამცხე-ჯავახეთში ოფისი გახსნა
ახალციხეში ,,ლელოს" ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაესწრო. ,,ახალი ძალა ახალციხისთვის" ამ ლოზუნგით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ ადგილობრივებს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ფესვები სამცხე-ჯავახეთიდან აქვს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პირველი ვიზიტი ახალციხეში დაგეგმეს.

ახალციხის ოფისის ხელმძრვანელად ეროვნული ფორუმის ყოფილი ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე დაინიშნა. მისი თქმით, ახალციხის ოფისი მზად იქნება ყველასთან სათანამშრომლოდ, ვისაც კი სამშობლოს ბედნიერი მომავალი უნდა.

ჩვენ გვაქვს სამშობლო, მაგრამ არ გვაქვს სახელმწიფო - ამ სიტყვებით დაიწყო მამუკა ხაზარაძემ შეხვედრა ახალციხეში.

მან ადგილობრივებს რეგიონული ოფისის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ორპოლუსიანობას დაარღვევს.

ახალი ძალა ახალციხისთვის - ეს არის მთავარი გზავნილი სამცხე-ჯავახეთისთვის. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობასთან მთავარი აქცენტი დასაქმებაზე, ემიგრანტების დაბრუნებაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გააკეთეს.

მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოცნებას შიშის სინდრომი აქვს.

,,შესაბამისად არ აქვს აზრი, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან მმართველი ძალა ყველა შემთხვევაში დამარცხდება" - აღნიშნა ,,ლელოს" ლიდერმა.

დღესვე მამუკა ხაზარაძემ, ახალციხის გარდა შეხვედრები გამართა ვალესა და სოფელ წყრუთში.

Print