პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს
19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. კომიტეტის სხდომამდე, 15:00 საათზე, დაგეგმილია უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. როგორც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, ისინი არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მათი განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ამჯერადაც ჩავარდება, პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დაეკისრება, ვინაიდან, მან 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შეასრულა.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თითოეული დეპუტატი კანონპროექტს მხარს უჭერს.

რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არაერთხელ დააფიქსირეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" , ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, კანონპროექტმა საქართველოს პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
Print