პოლიტიკა
,,ტენდერები ხელშეუხებელია" - ქართული ფულით ნაყიდი რუსული ტრენაჟორები
როგორ ხვდებიან რუსული კომპანიები ქართულ ბაზარზე, როგორ იმარჯვებენ სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და არსებობს თუ არა მექანიზმი პროცესის შესაფერხებლად - სამცხე-ჯავახეთის ოთხმა მუნიციპალიტეტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 100-მდე რუსული წარმოების ფიტნეს ტრენაჟორი შეიძინა. მუნიციპალიტეტის პირველი პირები განმარტავენ, რომ მათ ტენდერებში ჩარევის უფლება არ აქვთ.

ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელმაც რუსული წარმოების ფიტნეს-ტრენაჟორები 6 სოფელში რამდენიმე დღის წინ 104 496 ათას ლარად განათავსა ადიგენის მუნიციპალიტეტია. ,,გეო-გრინთან" დადებული ხელშეკრულების მიხედვით პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ტრენაჟორების მონტაჟის შესახებ ინფორმაცია, ადიგენის მერიამ, 12 ივნისს გაავრცელა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ ტენდერები დამოუკიდებლად ტარდება და არც კი იცოდა შეძენილი ტრენაჟორები რუსული წარმოების თუ იყო.

,,ტენდერი არის ხელშეუხებელი, მაგაში ვერ ჩაერევა ვერავინ. მუნიციპალიტეტი როცა აცხადებს ტენდერს, მას თავიდანვე აქვს პრიორიტეტები განსაზღვრული და გამარჯვებულიც იმის მიხედვით ვლინდება. დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, შემოვიდა დაბალი ფასით და გაიმარჯვა. მე საერთოდ არვიცოდი რუსული კომპანია იყო თუ არა“ - აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე ,,გეო-გრინთან" გააფორმეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთი ბოლო ხელშეკრულება 128 895 ლარზე გააფორმა. რუსული ტრენაჟორების შეძენასა და მონტაჟზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა დროს ჯამში 294 772 ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული „გეო-გრინთან“, ხოლო მიმდინარე წელს, 109 994 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „ჯეო პარკთან“. ბორჯომში მესამე წელია ე.წ. ლურჯ ტრენაჟორებს ყიდულობენ და ჯამში 50-მდე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია. მერის მოვალეობის შემსრულებელი მეცხრე არხს ეუბნება, რომ მათთვის მთავარი ხარისხია.

,,ამ კომპანიას რუსული არაფერი აქვს, პირველად სამი წლის წინ შევიძინეთ და ისეთი ხარისხიანია, ახლაც ისევ ისეა. მომხმარებელი კმაყოფილია და ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. სამი წლის განმავლობაში 50-მდე ტრენაჟორი გვაქვს შეძენილი. გამოცხადებულ ტენდერებში ერთი ორგანიზაცია არასდროს იმარჯვებს. ამიტომ, რაში მაინტერესებს კომპანია რუსულია, ჩინური თუ გერმანული - მთავარია ხარისხიანია და ბორჯომშიც კმაყოფილები არიან“ - აცხადებს დავით ზაალიშვილი.

18 ივნისს, ასპინძის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკთან“, რომელიც შემსყიდველს რუსეთში წარმოებულ ტრენაჟორებს სთავაზობს, ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერი, ასპინძის სოფელ ხერთვისში და სოფელ ივერიაში გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობას [მონტაჟი და ტრენაჟორებისთვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა] ითვალისწინებს. ასპინძის მერი განმარტავს, რომ პროცესს ის დადგენილება არეგულირებს, რომელიც შესყიდვების სააგენტოს აქვს მიღებული.

,,სხვა ქვეყანაში მოქმედი და რეგისტრირებული კომპანია ჩვენთან ტენდერებში ცხვირს ვერ შემოჰყოფს. შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურა ერთია - რომელი კომპანიაც გადასახადებს საქართველოში არ იხდის, ის მონაწილეობას ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ვერ მიიღებს. ტენდერებში მხოლოდ ქართული კომპანიები მონაწილეობენ, მაგრამ თუ წარმოება რუსულია, ჩვენ ამის გადამოწმების არც რესურსი გვაქვს და არც სპეციალისტი გვყავს. მერია მოსახლეობასთან პასუხს აგებს ხარისხზე, კომპანიას მთავარია ჰქონდეს გარანტია და სატენდერო პირობებს აკმაყოფილებდეს. დანარჩენი ჩვენი კომპეტენცია არ არის“ - გვითხრა როსტომ მაგრაქველიძემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტს ტენდერი 38 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „ჯეო პარკთან“ კი ხელშეკრულებაც 30 ათას ლარზე გაფორმდა. ამ კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია. ასპინძის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს „ჯეო პარკთან“ ხელშეკრულება 19 ათას ლარზეც გააფორმა. მაშინაც რუსული ინვენტარი შეიძინეს.


როგორ ხვდება რუსული წარმოების ტრენაჟორები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში?

რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები 2020 წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული. „ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ და შემსყიდველ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად რუსულ პროდუქციას სთავაზობენ. „ბათუმელების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ ორ კომპანიასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 27 საბიუჯეტო ორგანიზაციას სულ 141 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში 13 312 139 ლარზე.

საჯარო უწყებების მიერ რუსული პროდუქციის შეძენაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2 წლის წინ კვლევაც კი გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში მაშინაც და ახლაც აცხადებენ, რომ ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში. ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი მეცხრე არხთან განმარტავს, რომ მათი რეკომენდაცია რეკომენდაციად დარჩა.

,,გამოდის, რომ ჩვენ ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეულ ინვესტიციას ვდებთ, თან ხალხის ფულით, რდგან სახელმწიფო ტენდერები სწორედ ჩვენი ბიუჯეტის სახსრებით ცხადდება. სამწუხაროდ, ესა საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. ორი წლის წინ, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ცვლილებები შესულიყო სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებდა რუსული წარმომავლობის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის პროდუქციის შესყიდვაზე, მაგრამ როგროც ჩანს არ გაითვალისიწნეს და ეს საკითხი დღემდე პრობლემად რჩება. შემსყიდველი, ამ შემთხვევაში მერიები, არ უყურებენ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტს ან შესყიდული პროდუქციის წარმომავლობას. ეს კომპანიები კი ერგებიან ჩვენს საჭიროებებს. ამიტომ თუ ეს საკითხი კანონით არ დარეგულირდა, პრობლემად დარჩება“ - აცხადებს თამუნა უჩიძე.

„ბათუმელების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ ორ კომპანიასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 27 საბიუჯეტო ორგანიზაციას სულ 141 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში 13 312 139 ლარზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ ორი კომპანიისგან რუსული სპორტული ინვენტარი შეიძინეს  ახალციხესა და საქართველოს სხვა ქალაქებში. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ რუსული [არარეზიდენტი] კომპანიებიც მონაწილეობენ.

იმ რუსული კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლებად არიან დარეგისტრირებული და ტენდერებში მონაწილეობენ, 2013 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის, თითქმის 17-ჯერ გაიზარდა. აქედან მარტო გასულ, 2019 წელს, შესყიდვების სააგენტოში დამატებით 16 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

მასალა მომზადებულია ,,ბათუმელების"  სტატიაზე დაყრდნობით.
Print