პოლიტიკა
ახალციხის მაცხოვრებლები სამი თვის დასუფთავების გადასახადს არ გადაიხდიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, სამი თვით, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდნენ. თვითმმართველობის ინიციატივას საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უმრავლესობის 24-მა დეპუტატმა.

თავმჯდომარის განმარტებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მარტის, აპრილისა და მაისის მოსაკრებელი ჩამოეწერებათ. მათ, ვისაც უკვე გადახდილი აქვს, თანხა მომავალ თვეებზე გადაუნაწილდებათ. ვისაც სუბსიდირებაზე უარის თქმა სურს, მერიას განცხადებით უნდა მიმართოს.

თვითმმართველობის ინფორმაციით, ვაზაში რეგისტრირებულია 11 522 ფიზიკური და 454 იურიდიული პირი. წინა წლის ანალოგიური პერიოდის მიხედვით, ფიზიკურ პირებს თვეში 7 500 ლარი, იურიდიულ პირებს კი 7 000 ლარი ეპატიებათ, რაც ჯამში 44 000-მდე ლარია.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეს თვეში 50 თეთრის გადახდა უწევს. თუ ოჯახში ოთხ წევრზე მეტია, ისინი მაქსიმუმ, 2 ლარს იხდიან. წარმომადგენლობით ორგანოში არაერთხელ იმსჯელეს, რომ ფიზიკური პირებისგან მოსაკრებლის ამოღება უჭირთ. მოქალაქეების დიდი ნაწილი დასუფთავების გადასახადს არ იხდის.

Print