პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ქალთა კვოტირების საკითხს მხარს არ უჭერს
თუ რეალურად გვინდა, პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, ძალოვნებმა და "ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ, ვინ იქნება პოლიტიკაში, - ამის შესახებ ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. მისი თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

,,მოცემულობაა, რომ მინისტრი რომ იყოს, მან თავი უნდა მოაწონოს ან მიშა სააკაშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს. ეს კანონმდებლობა რაიმე ფორმით ხალხთან გვაახლოებს და გვაძლევს წინაპირობას? იგივე კვოტებზე რომ ვისაუბროთ, რას ვაღწევთ კვოტების ზრდით, ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში? თუ რეალურად გვინდა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობა გავზარდოთ, პოლიტიკაში ძალოვნების და ფინანსური ჯგუფების მონაწილეობა უნდა დამთავრდეს.

ძალოვნებმა და ,,ფულის ტომრებმა" არ უნდა განსაზღვრონ ვინ იქნება პოლიტიკაში. თუ ვიღაც ფულით ყიდულობს ამომრჩეველს და განსაზღვრავს ვინ უნდა შევიდეს პარლამენტში, იმას არც ქალი აინტერესებს და არც კაცი, ის თავის მონას დაგისვამს პარლამენტში. ეს არჩევნები იქნება გარიგება ქართველ ხალხთან, ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის, ვინც მათ შორის ჩადგება, იმას ქართველმა ხალხმა უნდა გადაუაროს. ეს იქნება სწორი გზავნილი ამ არჩევნებზე. ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, ტექნიკურია და არ ვაპირებ ხმის მიცემას"
,- ამბობს გედევან ფოფხაძე.
Print