პოლიტიკა
ქართველი სტუდენტები უნგრეთში უფასოდ ისწავლიან - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პანდემიის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველი მაღალი რანგის სტუმარი ეწვია - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ საგარეო უწყებაში შეხვედრა უკვე გამართა. დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ქართველი სტუდენტები უნგრეთის უნივერსიტეტში განათლებას უფასოდ მიიღებენ.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საზღვრების გახსნა და კომპანია "ვიზეარი", რომელიც მინისტრის თქმით, არსად წასულა და ახლო მომავალში ჩვეულებრივ გააგრძელებს საქართველოში ოპერირებას.

პიტერ სიიარტომ ისაუბრა მისი ქვეყნის სურვილზე, გაღრმავდეს ურთიერთობა საქართველოსა და უნგრეთს შორის და აღნიშნა, რომ უნგრეთის ბანკმა შექმნა 175 მილიონ ევროიანი ფონდი, რომელიც შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე დაიხარჯოს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და განათლების მინისტრებთანაც გამართავს. ასევე შეხვდება პატრიარქსაც.
Print