პოლიტიკა
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ერდოღანმა და პუტინმა ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 27 ივლისს სატელეფონო საუბარი რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან გამართა. მათ განიხილეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კრიზისის შესახებ. საუბარი თურქული მხარის ინიციატივით დაიწყო.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობისა და სირია-ლიბიაში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს. თურქული მხარე სხვა დეტალებს არ აფიქსირებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გამწვავების კონტექსტში, პუტინმა ხაზი ნებისმიერი მოქმედების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაუსვა, რაც დაძაბულობის პრევენციას ხელს უწყობს.

,,მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ კონფლიქტური ვითარება მშვიდობიანი - მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. მათ გამოხატეს მზადყოფნა კოორდინაცია გაუწიონ რეგიონის სტაბილიზაციის მცდელობებს ”,- თქვა განაცხადეს პრესსამსახურში.

რუსეთის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა და ერდოღანმა ასევე აღნიშნეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების გარდა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 12-დან 16 ივლისის ჩათვლით, განხორციელდა საომარი მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე. სომხურმა მხარემ 5, აზერბაიჯანულმა მხარემ კი 12 ჯარისკაცი დაკარგა.

სიტუაცია შედარებით 17 ივლისიდან დამშვიდდა.

Print