პოლიტიკა
ხელმძღვანელობას იდეურად დავშორდი - გიორგი გიუაშვილმა "ლეიბორისტები" დატოვა

 

"ლეიბორისტების" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ამავე პარტიით საკრებულოს წევრმა პარტია დატოვა. გიორგი გიუაშვილმა ამის შესახებ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი და პარტიის ხელმძღვანელობის მოსაზრებები თანხვედრაში აღარ არის. 

გიუაშვილი წერს, რომ რჩება ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად.


"ვინც მიცნობს კარგად იცის, რომ ჩემი ყველაზე დიდი პარტია, იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემი ბორჯომი, ჩემი სამშობლო!
ბრძოლით და სიმართლით გავლილი წლების გარდა მე სხვა არაფერი არ გამაჩნია!

მაქვს ჩემი პრინციპული, საკმაოდ კვალიფიციური და დასაბუთებული პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და რომლებსაც ბოლომდე დავიცავ ნებისმიერ ფასად!

მიუხედავად ჩემი ყოველდღიური საკმაოდ აქტიური პოლიტ.სოც. საქმიანობისა, როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის, ამ თვეების მანძილზე ალბათ შესამჩნევი იყო ყველასათვის, რომ ფაქტიურად შეწყვეტილი მქონდა პარტიული საქმიანობა, ლეიბორისტულ პარტიას ვგულისხმობ, რომლის წევრიც ვიყავი 2014 წლიად.

აღნიშნული ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან ბევრი, საფუძვლიანი და სამართლიანი მიზეზები მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე (და იმედია შემდეგშიც) დროის დაკარგვას და ამ თემებზე საუბარს არ ვაპირებ, არც არავისთან დაპირისპირების და ბრალდებების რეჟიმში ჩადგომას არ ვგეგმავ, როგორც ჩვევიათ ლეიბორისტებისგან წამოსულ ყოფილ წევრების უმეტესობას. პირიქით, უამრავი ახლობელი და მეგობარი ადამიანი მრჩება აღნიშნულ პარტიაში, რომლებსაც მხოლოდ წარმატებას და მეტ პრინციპულობას ვუსურვებ! 

რა ვქნა, უბრალოდ დავშორდი იდეურად, შინაარსობრივად, აზრობრივად პარტიულ ხელმძღვანელობას!
ვრჩები ბორჯომის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად ჯერჯერობით,

ბრძოლა გრძელდება!",
- წერს გიუაშვილი. 

 

Print