პოლიტიკა
“ევროპული საქართველო“ ახალციხის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა. ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა, რომლებიც მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს უჭერენ, პარტია დატოვეს. მათ შორისაა ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე. ის ამბობს, რომ ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს შეუერთდება. დემეტრაძის ვარაუდით, „ევროპული საქართველოდან“ წამოვა მხარდამჭერების უმეტესობა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტია მაჟორიტარ კანდიდატს თვის ბოლოს წარადგენს. პოლიტსაბჭოს წევრის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ახალციხის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს რამდენიმე დღეში დაასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვაჟა ჩიტაშვილმა პარტია დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. პარტიამ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. “ევროპული საქართველოს“ სხვა წევრებმა ამის შემდეგ განაცხადეს, რომ მხარს ჩიტაშვილს დაუჭერენ.
Print