პოლიტიკა
დადგმული სპექტაკლი თუ გაფრთხილება ენზელ მკოიანს - ოპოზიციის შეფასებები
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი ამბობს, რომ სამართალდამცველები ამ დრომდე არ დაკავშირებიან. მისთვის არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებიათ და არც თვითმხილველები დაუკითხავთ. მომხდარს მისი ძმის, ენზელ მკოიანის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მას, როგორც ბიზნესმენს პრობლემები არავისთან აქვს. ყოველწლიურად ბიუჯეტში 2 მილიონ ლარს გადასახადის სახით იხდის და არც მტრები ჰყავს.

,,ჩემი ძმა 20 წელია პარლამენტის წევრია, მოახლოვდა არჩევნები და დაუწყეს ბრძოლა. რა დღეშია ქვეყანა თქვენც ჰხედავთ - სროლა, აფეთქება და სხვა დანაშაულებები ხდება და პოლიცია ამ დროს რას აკეთებს? ჰესზე მივდიოდი, კიდევ კარგი რომ ჩემ მანქანას ორმაგი მინები აქვს და აწეული მქონდა, თორემ დღეს შეიძლება ცოცხალი არც ვყოფილიყავი",- იხსენებს მარტუნ მკოიანი და ამბობს, რომ გზაზე, სადაც აფეთქება მოხდა ხშირად დადის ბავშვებთან ერთად.

მანქანის აფეთქებას დადგმულს უწოდებს 24 მარტს მომხდარი ინციდენტის მონაწილე სამველ პეტროსიანი. ყოფილი პოლიციელი ფიქრობს, რომ გავლენის გარეშე დარჩენილი და ძალადაკარგული დეპუტატი ყურადღების მიქცევას და პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებას ცდილობს.

,,საეჭვოა როგორც მინიმუმ ორი გარემოება - ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ძლიერი აფეთქების ტალღამ მომუშავე ,,მალიარები" შეაზანზარა, მაშინ როცა ერთი მინაც კი არ არის ჩამსხვრეული არსად. მეორე, ამბობს რომ დისტანციური პულტით მოხდა აფეთქება - ჯერ ეს ვინ დაადგინა და მეორე, არ არსებობს მექანიზმის ნამსხვრევი არ დარჩენილიყო სადმე. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ, რადგან მან რაღაც ჩაიფიქრა და იმ გეგმას მიყვება" - აცხადებს სამველ პეტროსიანი.

მომხდარს სისტემურ პრობლემად აფასებენ "ევროპულ საქართველოში". პარტიის ჯავახეთის ოფისში მიიჩნევენ, რომ ნინოწმინდა-ახალქალაქში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კრიმინალის გაზრდას გაგებით მოეკიდონ.

"ენზელ მკოიანი თავად სთხოვს ახლა პასუხს იმ ხალხს, ვინც მის საქმიანობებზე ადრე არ რეაგირებდა. პოლიცია არის გადართული საარჩევნო პროცესებზე და არა დანაშაულის აღკვეთაზე", - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

მმართველი პარტიის დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ნაღმი მიწაზე, ხესთან ახლოს დადეს და მისი ძმის მანქანის გავლას ელოდებოდნენ.

,,როგორც კი მანქანა გამოჩნდა, ასაფეთქებელი დისტანციურად აამოქმედეს, რის გამოც ჩემ ძმას სმენის პრობლემები შეექმნა. ორი დღეა, მე დავდივარ მასთან ერთად და ეგონათ, დღესაც ვიქნებოდი" - აცხადებს ენზელ მკოიანი. მომხდარ ინციდენტზე პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვეა მას თავს ესხმიან და ემუქრებიან. იგი "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელთან დაპირისპირებას იხსენებს, რასაც ახალქალაქის ცენტრში სროლა მოყვა. მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა სამველ პეტროსიანთან დაპირისპირებით დაიწყო და დღემდე გრძელდება.

,,ვის აწყობს ეს - ამ ყველაფერს ანდერძში დავწერ. მე ბევრი რამ ვიცი".

მანქანის აფეთქება ახალქალაქში 21 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც დაშავდა პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის ძმა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს აფეთქებას მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე ვრცლად იხილოთ:
"ნაღმი, რომელიც დისტანციურად ამოქმედდა, ხესთან ახლოს, მიწაზე იდო" - ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს
"აფეთქების გამო, ჩემმა ძმამ სმენა დაკარგა" - დეპუტატი ენზელ მკოიანი




Print