პოლიტიკა
ადიგენში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ
ადიგენის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიქმნა, რომელიც ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს. გადაწყვეტილება ცნობის სახით, წარმომადგენლობითმა ორგანომ 1-ელ სექტემბერს, სხდომაზე მიიღო. მისი წევრები „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები არიან, რომლებმაც პარტია დატოვეს და „ნაციონალებს“ შეუერთდნენ - რატი ტატალაშვილი, ზურაბ შაინიძე და ტარიელ მსხვილიძე.

რატი ტატალაშვილი ადიგენის საკრებულოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების გზით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა. ზურაბ შაინიძე და ტარიელ მსხვილიძე კი „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. იმისთვის, რომ სამ დეპუტატს ფრაქცია შეექმნა, რატი ტატალაშვილმა პარტია დატოვა.

„რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა ფრაქციის შექმნის, მაგრამ უარს გვეუბნებოდნენ. ერთი გზა იყო, რომ დამეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“, ან უნდა აგვერჩია სასამართლოში გასაჩივრების გზა. ვარჩიე პარტიის დატოვება და 2018 წლის დასაწყისში შევქმენით ფრაქცია. ჩემი მხრიდან ყოველთვის იყო სურვილი და მცდელობა, რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია. როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდა და კონსესუსი წევრებს შორის, სამივემ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება. იგივე თანამდებობრივი იერარქიით გადავედით, მე მოადგილე ვარ, ზურაბ შაინიძე მოადგილე და ტარიელ მსხვილიძე წევრი“, - გვითხრა რატი ტატალაშვილმა.

„ევროპულ საქართველოს“ საკრებულოში ამჟამად, სამი დეპუტატი დარჩა - სიმონ პარუნაშვილი, გელა სარაშვილი და თენგიზ ქომოშვილი. მათ ფრაქცია „ევროპული საქართველო“ აქვთ შექმნილი და როგორც ამბობენ, პარტიის დატოვებას და „ნაციონალებთან“ გაერთიანებას არ აპირებენ.

Print