პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი შეარჩია
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ სადათიერაშვილი იქნება. სამცხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, პარტიის გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში ვაკანტურად დარჩენილი პოზიცია სადათიერაშვილმა დაიკავა. ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში 2012 წლის შემდეგ ჩაერთო. 2013 წელს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ახალციხის საკრებულოს წევრი გახდა. მხარდამჭერების ნაწილთან ერთად, "ნაციონალები" მანაც დატოვა და "ევროპული საქართველოს" წევრი გახდა. 

ახალციხის ოფისი ხელმძღვანელის გარეშე 20 აგვისტოს დარჩა, როცა პარტია ყოფილმა ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ და მისმა თანაგუნდელებმა დატოვეს. მაშინ „ევროპულ საქართველოში“ ამბობდნენ, რომ რამდენიმე დღეში გაირკვეოდა, რამდენმა დატოვა მათი რიგები. დღეს კი პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ მათი რიცხვი ჯერ კიდევ არ დაზუსტებულა.

„მე ფაქტიურად, ვერავინ ვნახე, ვინც წავიდა, გარდა იმ ვიზუალური მხარის, ვინც იმ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. ამის სურვილი, მას შემდეგ არავის გამოუთქვამს“, - ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისი თქმით, პარტიის შემადგენლობაში ცვლილებების მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს მათზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ ჯერ ვაჟა ჩიტაშვილმა დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. პარტიამ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. “ევროპული საქართველოს“ სხვა წევრებმა ამის შემდეგ განაცხადეს, რომ მხარს ჩიტაშვილს დაუჭერენ.

მოგვიანებით, "ევროპული საქართველო" დატოვეს ადიგენშიც.
Print