პოლიტიკა
ენზელ მკოიანის ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პასუხობს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მისი ძმის გაზის კომპანია დეპუტატის საქმიანობის გამო შეამოწმეს. მკოიანის მტკიცებით, მისი ძმის ბიზნესით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას გულისხმობს. 

"გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოსდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას"
– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ენზელ მკოიანმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გაზის სადისტრიბუციო კომპანია SJGC შეამოწმა, სადაც მისი ძმა 40%-იან წილს ფლობს. მკოიანი ირწმუნებოდა, რომ ამით მას კანდიდატურის მოხსნისკენ აიძულებენ. 

"ფინანსური პოლიცია შევიდა გაზის კომპანიაში, შეაგროვა ყველა დოკუმენტი და დალუქა. ეს კომპანია სუფთად მუშაობს. მათ იპოვეს 10 ადამიანი ჩემი ოპონენტებიდან, რომლებმაც დაწერეს განცხადება, თითქოს გაზის მრიცხველები ბევრს წერს, ამიტომ შეაგროვეს დოკუმენტები. ვაცხადებ, რომ ეს არის დამოუკიდებელი არჩევნები და არ შეგიძლიათ ზეწოლა მოახდინოთ ხალხისთვის შექმნილ ბიზნესზე. მათ მილიონობით კრედიტი რეგიონის გაზიფიცირებისთვის აიღეს და დღეს ისინი აშინებენ ხალხს. აკეთებენ ისე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და შეძლონ მათი დამორჩილება” – აცხადებდა ენზელ მკოიანი.
Print