პოლიტიკა
ნინოწმინდაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ნინოწმინდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 2 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა პოსტზე ვაჰან აროიანი აირჩიეს. საკრებულოს ოცდაექვსი დეპუტატიდან ოცდასამმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ვაჰან აროიანი 1987 წელს სოფელ ეშტიაში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გადამზადებულია ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში. იგი მუშაობდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში იურისტად, ასევე, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში - ექსპერტ-იურისტად. გარდა ამისა, მუშაობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში იურიდიულ კონსულტანტად. ამის შემდეგ, იგი ნინოწმინდაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შტაბში გაწევრიანდა. შემდეგ სამი წლის განმავლობაში აროიანი იყო საკრებულოს დეპუტატი სოფელ ეშტის თემიდან.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბათ კიურეღიანი თანამდებობიდან გადადგა. ის 2020 წლის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიით პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-დან კენჭს იყრის.

წყარო: nor.ge
Print