პოლიტიკა
„ოცნების” დამფინანსებლებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები სამცხე-ჯავახეთში სამშენებლო ტენდერებს იგებენ
„ქართული ოცნების” დამფინანსებლების და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სამშენებლო ტენდერებს იგებენ - კვლევის შედეგებს "საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს".

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1998 წელს გორში დაფუძნებული „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-ის მფლობელებმა, 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და ამავე გუბერნატორის მეგობართან, ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილ დირექტორთან, გიორგი ბალიაშვილთან ერთად დააარსეს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”, რომელიც უმეტესად სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს. ამ კომპანიამ 2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 13,607,970 ლარი მიიღო.

აღნიშნულ კომპანიაში საწყის ეტაპზე 70% წილს ფლობდა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”, ხოლო 15%-15% ფლობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და მისი მეგობარი, ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც იყო.

ამჟამად კი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-ში წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ავთანდილ კაჭკაჭაშვილი - 30% (დირექტორი), შოთა აბულაძე - 35%, ნუკრი აბალაკი - 17.5%, ნუგზარ აბალაკი - 17.5%.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილიცა და გიორგი ბალიაშვილიც თანამდებობის პირები მას შემდეგ გახდნენ, რაც 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აკაკი მაჭუტაძე სუს-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანა. მაჭუტაძემ კაჭკაჭაშვილი მოადგილედ 2014 წლის იანვარში დანიშნა. მოგვიანებით გუბერნატორის მეგობარმა, გიორგი ბალიაშვილმა ახალციხის მუნიციპალური შპს „კეთილმოწყობის” უფროსის პოზიცია დაიკავა. ბალიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა თანამდებობები 2015 წლის ივლისში ერთდროულად დატოვეს. ამის შემდეგ კი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და სახელმწიფო შესყიდვებში გააქტიურდნენ.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე, ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა.

გიორგი ბალიაშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება: 2015 წელს, იგი ყოფილმა პატიმარმა ცემაში დაადანაშაულა, 2016-2017 წლების წინასაარჩევნო პერიოდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხელდნენ. ამ ინციდენტების გამო გუბერნატორის მეგობრის, გიორგი ბალიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო უწყებებს დღემდე არ დაუყენებიათ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, 2018 წლის მარტში კი მისი დის ქმარი, კობა კურტანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორად დანიშნეს.

2017 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ 95 ტენდერში მონაწილეობდა და 47 მოიგო, მათ შორის 19-ში (38.7%) ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მისი ძირითადი შემსყიდველები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ. მათ შორის ყველაზე მსხვილი, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარის შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა.

„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა ტენდერებიდან სულ 13,607,970 ლარი მიიღო, აქედან 3 952 231 ლარი (29%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებიდან დაერიცხა.

„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-ის მონაწილეობა ტენდერებში:

„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“- მა ამავე პერიოდში მიიღო 7,367 ლარის ოდენობის 6 გამარტივებული შესყიდვა, მათ შორის სამი შესყიდვა (სულ 4,465 ლარის ღირებულების) - ახალციხის შპს „კეთილმოწყობისგან“.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 13,615,337 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა სახელმწიფო შესყიდვებზე.

მას შემდეგ, რაც „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა ახალციხეში, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და გიორგი ბალიაშვილთან ერთად, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ დააფუძნა, იგი სახელმწიფო შესყიდვებში სამცხე-ჯავახეთშიც გააქტიურდა. მანამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ს რეგიონში მხოლოდ 5 ტენდერი ჰქონდა მოგებული, ჯამში 5,056,920 ლარზე, შემდეგ კი 46 ტენდერიდან 23 მოიგო და ჯამში 27,374,099 ლარი დაერიცხა. აქაც მისი შემსყიდველები ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რეგიონის მუნიციპალიტეტები იყვნენ.

საერთო ჯამში, კაჭკაჭაშვილი-ბალიაშვილის და მათი პარტნიორების კომპანიებმა, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა” და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-მა”, სამცხე-ჯავახეთში, 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე განხორციელებული პროექტებით, 40,989,436 ლარი მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ისა“ და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print