პოლიტიკა
გოდერძი კუბლაშვილი რეგიონის ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #17 სამცხის ოლქში რეგიონის ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევს. გოდერძი კუბლაშვილი ითხოვს, რომ ამ დროში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მათი საქმიანობის შესწავლა კი ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყოს.

ოპოზიციონერი კანდიდატი მოთხოვნის მიზეზად კომისიის არაკომპეტენტურობას და მიკერძოებას ასახელებს. იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კუბლაშვილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

კუბლაშვილი განმარტავს, რომ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად, კომისიას მიმართა, საიდანაც უარი მიიღო. კომისიის ეს გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ადიგენის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, ამავე კომისიას დაევალა საქმის ხელახალი შესწავლა. თუმცა კუბლაშვილი ამბობს, რომ ამ შემადგენლობის კომისიაში საბუთების შეტანას არ აპირებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი კუბლაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. ზაქარია ენდელაძე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. გოდერძი კუბლაშვილმა, ამავე მოთხოვნით სამხარეო ადმინისტრაციის წინ შიმშილობა პირველად ხუთ ოქტომბერს დაიწყო. წინასაარჩევნო კამპანიის გამო, კანდიდატმა პროტესტის ეს ფორმა ორ დღეში დროებით შეწყვიტა.

Print