პოლიტიკა
გიორგი გახარიამ რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გამოწვევები განიხილა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში შედგა.

მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ და სახელმწიფო რწმუნებულებს კონკრეტული დავალებები მისცა.

საუბრისას განიხილეს თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის საკითხი და ასევე დამატებით კოვიდ-სასტუმროების მობილიზება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი საჭიროება დადგეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია მკაცრად გაკონტროლდეს ინფიცირებულ პირთა კონტაქტების თვითიზოლაცია, ასევე - ოჯახის ექიმების ეფექტური ჩართულობა იმ ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.

"რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროებს, პრემიერის დავალების შესაბამისად, ყველგან გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები, რაც კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებული შედარებით მსუბუქი პაციენტების სამედიცინო მეთვალყურეობას გულისხმობს.
სახელმწიფო რწმუნებულების ინფორმაციით, რეგიონებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები"
– ნათვამის საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური გაცნობისა და კოვიდის მართვის პროცესში არსებული გამოწვევების ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
Print