პოლიტიკა
მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
18 ნოემბერს, ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან, „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე, ოპერის შენობიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიის და მელიქიშვილის მიმართულებით გაიმართება აქცია. 2- მეტრიანი დისტანცია იქნება დაცული და ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა , რომელსაც ეწერება: "გაყალბებულია". სტიკერს დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები. რესპუბლიკის მოედანზე იქნება დიდი ბანერები, საქართველოს და ამერიკის დროშით და შუაში იქნება წარწერები, რომ არჩევნები გაყალბებულია, რომ მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ",- განაცხადა უგულავამ.

უგულავამ მოუწოდა მოსახლეობას, რომ გავიდნენ აქციაზე.

"ვფიქრობთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიძლება, ვერ თანხმდებოდეს ძალიან ბევრ საკითხზე - მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე და ა.შ. მაგრამ უდიდესი ნაწილი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ამიტომ ყველა ადამიანს მინდა მოვუწოდო, ვინც თვლის, რომ არჩევნები არის გაყალბებული, სულ ერთია მოსწონს ვიღაც პოლიტიკოსი თუ არა, პარტია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც თვლით, რომ გაყალბდა, გამოდით და მდუმარედ დააფიქსირეთ პოზიცია, დააფიქსირეთ საერთაშორისო მედიის წინაშე და ჩვენი სტუმრის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული, კანონმორჩილი საზოგადოება, გვინდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ იპარავს არჩევნებს“, - განაცხადა უგულავამ.
Print