პოლიტიკა
"სახელფასო ფონდს მოაკლდება" – ნათია თურნავა 2021 წლის ბიუჯეტზე
სახელფასო ფონდს მოაკლდება, რათქმაუნდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა. 

ნათია თურნავას თქმით, თანხები პირველ რიგში სახელმწიფო მოხელის ხელფასებს მოაკლდება, რადგან „მომჭირნეობის წელია“.

„ხელფასებს მოაკლდება პირველრიგში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კრიტიკოსი ამბობდა, რომ თითქოს მომავალ წელს ბიუჯეტში იზრდება ხელფასები, თუ კი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებლები, ჯარისკაცი, პოლიციელი. ჩვეულებრივ, სახელმწიფო მოხელეს მთლიანობაში სახელფასო ფონდი აკლდება.

ცალსახად გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები. აქ არის სწორედ ის დახმარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რესტორნების, მცირე საოჯახო სასტუმროების, "ივენთ" კომპანიების სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და სხვა ტიპის დახმარებები, რაც ჩვენ გვაქვს. თუნდაც იპოთეკური სესხების დახმარება, რამაც გადაარჩინა ჩვენი სამშენებლო ინდუსტრია, არა იმიტომ რომ მხოლოდ ინდუსტრია იყო ზრუნვის საგანი, ის ადამიანები იყვნენ ზრუნვის საგნები, ვინც ელოდებოდნენ ბინებს.

წარმოუდგენელია კვლავაც, როგორც წინა კრიზისების შემდეგ ქალაქში დაგვრჩეს დაუმთავრებელი მშენებლობები. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით ბიუჯეტი გაზრდილია, მთლიანად თუ ვიტყვით, კაპიტალური დანახარჯების მიხედვით, კვლავაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ეს განვითარება. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, რა თქმა უნდა, ეს მომჭირნეობის წელია“
,-განაცხადა თურნავამ.
Print