პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მოქალაქეებმა ნიკა მელია აირჩიეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9% (13 491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% (7 288 ხმა).

"პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, - ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორედ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას.

"ამ არჩევნებით ხალხმა იგრძნო და დაინახა, რომ თუ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში არა, სადღაც, თუნდაც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში (სადაც ოლიგარქს ვერ მიუწვდება თავისი საცეცები) მაინც აქვს მის ხმას ძალა და ფასი...

ჩვენ ყველა ერთად, ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით დავუბრუნებთ ღირსებას ქართულ პოლიტიკას“
, - წერს ნიკა მელია.
Print