პოლიტიკა
„დავინახე, ძაღლი ადამიანს როგორ გაეკიდა“ - ახალციხეში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ისევ აქტუალურია
„ჩემი თვალით ვნახე, ქუჩაში ძაღლი ადამიანს როგორ გაეკიდა“ – ამის შესახებ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა და ქალაქის მერს პრობლემის მოგვარება სთხოვა.
ჰამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ მიუსაფარი ძაღლების თემა დიდი ხანია განიხილება, თუმცა პრობლემა ისევ მოუგვარებელია.

„შეიძლება ძაღლი აცრილია, მაგრამ ადამიანს მაინც კბენს. სამი წელია ერთიდაიგივე პრობლემაა. შოთა რუსთაველის ძეგლთან ყოველდღე ვხედავ სამ ძაღლს და ვხედავ გამვლელებს როგორ აშინებენ. იქნებ რამე მოვიმოქმედოთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“ - ამბობს დეპუტატი.

ქალაქში რომ ძაღლების პრობლემა ისევ აქტუალურია, ამაზე საუბრობს ახალციხის მერიც. თუმცა ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ყველა ძაღლი აცრილი და დამუშავებულია, შესაბამისად, ხალხისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადიგენისა და კახეთის სხვა სოფლებიდან ბაზარზე პირუტყვი ჩამოყავთ და მათ ძაღლებიც მოჰყვება. რათქმაუნდა, ეს ძალიან ცუდია და ხალხისთვის საშიშიცაა, თუმცა ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ“ - ამბობს ზაზა მელიქიძე.

ქალაქის მერი ასევე აღნიშნავს, რომ მათ გორის ძაღლთა თავშესაფართან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და ცხოველები ეტაპობრივად ასაცრელად მიჰყავთ. ზაზა მელიქიძის თქმით, ახალციხეში ძაღლების უმეტესობას ყურებზე სპეციალური ნიშნები უკეთია, რაც მიუთითებს რომ დამუშავებულია.

გარდა ამისა, მერი ირწმუნება, რომ ახალციხეში ძაღლების თავშესაფრისთვის პროექტი უკვე შედგენილია და მის განსახორციელებლად დროა საჭირო.



Print