პოლიტიკა
ამბარცუმ ბაბოიანი ახალციხის მერიას დახმარების მიკერძოებით გაცემაში ადანაშაულებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი ახალციხის მერიას შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაცემისას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ამბარცუმ ბაბოიანის თქმით, როგორც ჩანს მერია დახმარებას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გასცემს.

„გაჭირვებული ქალბატონი იყო, პირადობა, მისამართი და ყველა შესაბამისი საბუთი ჰქონდა და შეეძლო დახმარება მიეღო. ჩემი არც ნათესავი იყო და არც არაფერი. მივედი მერიაში ვთხოვე, რომ დახმარება გაეწიათ, თუმცა კომპეტენტურმა ორგანომ უარით გამისტუმრა“
- ამბობს დეპუტატი ჰამბარცუმ ბაბოიანი. მისივე თქმით, ესპირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვების დახმარებაზე მერიაში უარს ეუბნებიან.

ამბარცუმ ბაბოიანმა პრობლემა საკრებულოს სხდომაზე წამოჭრა და ქალაქის მერს თხოვნით მიმართა, რომ მისი თანამშრომლები სოციალური დახმარების გაცემის საკითხს უფრო ყურადღებით მოეკიდონ.

„ბატონო ზაზა, იქნებ თქვენი სამსახურები გააფრთხილოთ, რომ როცა დეპუტატი მიდის და დახმარებას სთხოვს უარი არ უთხრან. მე რომ მივდივარ ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ მივდივარ. ამ თემაზე, რომ ვლაპარაკობ არ მოსწონთ და სულ კამათი გვაქვს. ხომ იცით, რომ ჩემი ენა არ ჩერდება, მე სიმართლეს ვლაპარაკობ. მე რომ მივდივარ უარს მეუბნებიან, ჩემ კოლეგას არა. ესე იგი, ეს უფრო პირადულია ვიდრე სამსახურეობრივი“ - ამბობს დეპუტატი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტების პაკეტი 800 ბენეფიციარისთვის შეიძინეს. ზაზა მელიქიძე არ გამორიცხავს, რომ სასურსათო პაკეტის გადაცემის დროს ვინმე გამორჩათ. მისივე თქმით, როცა საკითხი მოქალაქეებს ეხება პირადულს ადგილი უკვე აღარ აქვს.

„ჩვენ სოციალურად დაუცველების სიები შევადგინეთ, შეიძლება ვინმე გამოგვრჩა. ამიტომ ჩვენს განყოფილებას დავალება ჰქონდა, 800 ბენეფიციარისთვის ეყიდა პროდუქტები. ჩვენ რეზერვში გვაქვს 60 პაკეტი და შეგვიძლია დავამატოთ“ - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

2021 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად 1 384 500 ლარია გათვალისწინებული. მასში შედის დახმარების ის პაკეტები, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

Print