პოლიტიკა
ძირითადი მიზანია, 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი - გიორგი გახარია
ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნულ გეგმას მინისტრთა კაბინეტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.

„მოგეხსენებათ, ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა.

დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და ეს გეგმა დავამტკიცოთ, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რათქმაუნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-იდან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე"
, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს, საქართველო ფაქტობრივად მზადაა უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის დასაწყებად.

„საქართველო არის „კოვაქს“ პლატფორმის წევრი და ჩვენ ამ პლატფორმის საშუალებით მივიღებთ მილიონნახევარ ვაქცინას, თუმცა, მთავრობა ორმხრივ რეჟიმში მოლაპარაკებას აგრძელებს მწარმოებელ კომპანიებთან. საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათ ჯანმრთელობაზე", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
Print