პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ვიცე-პრემიერები წარადგინა.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, ხოლო მეორე ვიცე-პრემიერის პოსტს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გახარიას თქმით, როგორც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ისე დეოკუპაცია და საგარეო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ქვეყნისთვის.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია და რათქმაუნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი პირდაპირ აშკარა პრიორიტეტები - ეს არის ქვეყნის შემდეგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია, შესაბამისად, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება, მათი ეფექტურობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მეორე რიგში იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსახურებული განაცხადის გასაკეთებელად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებულად მუშაობა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, ჩვენ მზად ვიყოთ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია - რათქმაუნდა პასუხი ოკუპაციაზე და რათქმაუნდა პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება - საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს ამ კრიზისის პერიოდში, ამ გამოწვევების პერიოდში, იყო საქართველოს მთავრობის წევრი, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ვიცე-პრემიერი. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებზე პასუხს და თქვენი მუშაობა იქნება წარმატებული“
- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
Print