პოლიტიკა
ახალქალაქის მერიამ ხელშეკრულება „ოცნების“ მხარდამჭერთან გააფორმა

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, საჯარო შესყიდვების შესახებ, მეოთხე კვლევა გამოაქვეყნა. საზოგადოებრივ ორგანიზაციას მასში საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვები აქვს წარმოდგენილი.

ერთ-ერთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეხება. მერიამ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დაუდო ი/მ მამიკონ ჰოვანესიანს. სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, 63 000 ლარზე მეტი გამოიყო. სამუშაოების შემსრულებელ მეწარმეს, „ქართული ოცნებიდან“ 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ანაზღაურების სახით 312.5 ლარი აქვს აღებული.

სოფელში ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. ადგილობრივებმა და სკოლის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

ახალქალაქის მერი მთელი დღეა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თვითმმართველობის შენობაში კი არ შეგვიშვეს და განგვიცხადეს, რომ სამსახურში არც მერი და არც მოადგილეები იმყოფებოდნენ. 

„კვლევის შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ პანდემიის პერიოდში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები ზოგ შემთხვევაში ფორმდებოდა გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან,,, მნიშვნელოვანია, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლის არჩევის პროცესის გამჭვირვალე იყოს, რაც უზრუნველყოფს მიმწოდებლის კონკურენტულ შერჩევას“, - ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.


Print