პოლიტიკა
გუნდში რა გადაწყვეტილებაც იქნება, მე მას მხარს დავუჭერ - ანტონ ობოლაშვილი
პარლამენტის დეპუტატი სამცხის ოლქიდან, ანტონ ობოლაშვილი, პრემიერის გადადგომის შესახებ მედიასთან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, პრემიერის გადადგომა გზაში გაიგო.

,,მე არ მსმენია გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ, ცხადია არაფერი ვიცოდი, თუ გიორგი გახარია გადადგომას აპირებდა. ბატონი პრემიერი ჩვენი გუნდის წევრია და ეს მისი გადაწყვეტილებაა, მისი შეფასებისგან თავს შევიკავებ. გუნდში რა გადაწყვეტილებაც იქნება, მე მას მხარს დავუჭერ" - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კი შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

გახარიას გადადგომის ფაქტს ქართული ოცნება გამოეხმაურა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

Print