პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის პოსტზე "ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა
გიორგი გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავდაცვის მინისტრი წარადგინა. ის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე წარადგინა.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღარიბაშვლს რამდენიმე წლის წინ უკვე ეკავა პრემირის პოსტი. ბიძინა ივანიშვილმა მისი გადადგომის შემდეგ, პრემიერად 29 წლის ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წელს დაასახელა. მას მთავრობის მეთაურის სავარძელი 2015 წლამდე ეკავა.
23 დეკემბერს ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.
Print