პოლიტიკა
საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძირითადი კანონი, მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.

საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს ეხმაურება. ისინი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს.

,,ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები", - აცხადებს საპატრიარქო.

აშშ-ის საელჩო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავს ეხმაურება. შესაბამისი მილოცვა მათ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს.

,,გილოცავთ ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს!

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.

თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა.

იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე.

იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას"
, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

დიპლომატიური უწყება მოუწოდებს საქართველოს, განაახლოს ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიული მშენებლობის მიმართ, ქვეყნის თითოეული მოქალაქის სახელით.
Print