პოლიტიკა
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კითხვას და ნებისმიერ აუდიტს ნებისმიერ აუდიტორიაში ვუპასუხოთ კითხვებზე - ზაზა მელიქიძე
ახალციხის მერი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს არ ეთანხმება და მზად არის ნებისმიერ აუდიტორიაში ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ შპს კეთილმოწყობის მიერ მოგებული ტენდერით მუნიციპალიტეტმა სარგებელი მიიღო. საუბარია აუდიტის დასკვნაზე, სადაც შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება.

,,სატენდერო პირობებში მკაცრად გაწერილია, ტენდერში მონაწილე კომპანიას შეუძლია საკუთარი ტრანსპორტით ან მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტრანსპორტით მოემსახუროს მუნიციპალიტეტს. წლის განმავლობაში მოგება დაბრუნებულია მერიაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ მერიის თანაშემწე და მრჩეველი, რომელიც 5%-ის მფლობელია, მას საკუთარ კომპანიაში წილი გასხვისებული აქვს. ის არ მონაწილეობს არც სატენდერო კომისიასა და არც მონიტორნიგში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ აუდიტორიაში და ნებისმიერ აუდიტს ვუპასუხოთ" - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში კი წერია, რომ ,,სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო წერილობით დაედასტურებინა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვების პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც არ განუხორციელებია. ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირ ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს შპს „მელიზა“ იგებდა, სწორედ ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მერი. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2020 წლის 19 თებერვალს მერმა შპს „მელიზას“ 100%-იანი წილი სამართავად გადასცა სხვა პირს.
Print