პოლიტიკა
ვინ როგორ გაიგო დასავლეთის გზავნილი - ქართველ პოლიტიკოსთა შეფასებები
ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს. ასევე, 23 მარტს, აშშ-ს სენატში გაიმართა მოსმენა, სადაც საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ვინ როგორ გაიგო დასავლეთის გზავნილები, გთავაზობთ პოლიტიკოსთა შეფასებებს.

დავით ზალკალიანი
- სენატორების გზავნილია, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, ცივილიზებული ქვეყნებისთვის კი არ არის მისაღები, როცა ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

გიგი წერეთელი
- გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია.

სოზარ სუბარი - არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ, რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ, პარლამენტში შემოსვლა უნდათ - ვერ ბედავენ, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ.

ანა ნაცვლიშვილი - იმედია, მედიაციის მორიგი რაუნდის წინ ვენეცია-ეუთოს დასკვნა მგლის თავზე სახარების კითხვად არ დარჩება.

არჩილ თალაკვაძე - მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს - “ქართული ოცნების” ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული.

თინა ბოკუჩავა - ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნით „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ კობახიძის ბოლშევიკური მეთოდებით პარტიების დევნა შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან.

ირაკლი ზარქუა - სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან ხაზგასმა, რომ ქაოსი და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც.

გიგი ბოკერია - არ ყოფილა ამასთან მიახლოვებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის. ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდელ, სულ ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.


კელი დეგნანი - აშშ-მა და საქართველომ პანდემიის, რთული პოლიტიკური ვითარების, ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც დაამტკიცეს, რომ პარტნიორებს ყველაფრის მოგვარება შეუძლიათ, ამის პოლიტიკური სურვილი თუ არსებობს.

სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში აშშ და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან, კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს.

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ გაიზიარა კანონპროექტის სულისკვეთება და თქვა, თუ პოლიტიკური ჯგუფი უარს ამბობს ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ლეგიტიმურია, დაფინანსების კომპონენტში შეიზღუდოს.

სერგი კაპანაძე - არაადეკვატური კომენტარები, რომ თურმე სენატში ოპოზიციის ქმედებები დაგმეს, არის უბრალოდ ალტერნატიული რეალობის წარმოჩენის მცდელობა. ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნა დაწერა, რომ ამ მავნებლური კანონპროექტების ავტორებს უნდა რცხვენოდეთ.

პაატა მანჯგალაძე - სენატში განხილვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს არა ხელისუფლებას და რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს.

კახა კუჭავა - სენატორებს სიტყვა „პოლიტპატიმარი“ არ უხსენებიათ, მათ წუხილი გამოთქვეს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებაზე, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ მან კანონი დაარღვია.

იაგო ხვიჩია - დავინახე კრიტიკული გზავნილები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მისამართით, ჩვენი მეგობრები შერიგებისკენ მოგვიწოდებენ.

Print