პოლიტიკა
ზურაბ ხაჩიძემ კომპანიებში ცოლის წილების შესახებ დეკლარაციაში არ მიუთითა - გამჭვირვალობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც შვიდ შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ოთხ შემთხვევაში კი საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

მათ შორისაა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე, რომელმაც 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ არ მიუთითა ზურაბ ხაჩიძემ ცოლის კომპანიების შესახებ ინფორმაცია - ამის გარკვევა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ვცადეთ. იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა, მესამე მოადგილის პოსტი მომღერალ ზურა ხაჩიძეს 2019 წლის 12 ივნისს ჩააბარა

ზურა ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბორჯომი-ასპინძის ოლქში, „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
Print