პოლიტიკა
რა არის ამაში უკანონო ან სკანდალური? - ანტონ ობოლაშვილი ,,ტვ პირველს" პასუხობს
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ,,პირველის" მიერ გავრცელდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ფაიზერის ვაქცინით მისი ახლობლის აცრას თხოვდა, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გადაცემის ანონსს ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა.

ანტონ ობოლაშვილმა წერილი მომზადებული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაავრცელა.

,,მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასულ კადრებსა და ჟურნალისტის მიერ აშკარა ცილისმწამებლურ ბრალდებებს - თითქოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვ ახლობლისთვის ვაქცინაციის პროცესში დახმარებას.

სინამდვილე კი არის ასეთი: მოქალაქე აპირებს წასვლას ერთ-ერთ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით. მომმართა თხოვნით, რომ გამერკვია, არის თუ არა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც სამუშაო ვიზიტით გადის ქვეყნიდან.

მივწერე მინისტრს კითხვით, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არსებული პროგრამით, აღნიშნული მოქალაქე ასაკობრივ კატეგორიას ვერ აკმაყოფილებს.

რა არის ამაში უკანონო ან სკანდალური?

მე როგორც დეპუტატი, თავს ვალდებულებად ვთვლი არათუ მოქალაქეებს დავეხმარო, არამედ ხშირ შეᲛთხვევაში ვუშუამდგომლო აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

როგორც ჩანს “ობიექტურ და პასუხისმგებლიან მედიას” ეს ვალდებულებები ან სხვანაირად ესმის ან მიზნად აქვს ყველას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი" - წერია ანტონ ობოლაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Print