პოლიტიკა
ანტონ ობოლაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ახლობლის ვაქცინაცია სთხოვა - ტვ პირველი
„ტვ პირველი“ ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სატელეფონო მიმოწერას ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტარი მინისტრს სთხოვდა, რომ 46 წლის ქალი კორონავირუსის ვაქცინით აეცრათ. ამ მიზნით, ანტონ ობოლაშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს თამარ განუგრავას პირადი მონაცემები მიწერა. 

მიმოწერას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრი. თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დეპუტატმა მას ვაქცინაციის შესახებ კონსულტაცია სთხოვა, რასაც არაერთი პირი აკეთებს. 

მას შემდეგ, როცა ტელეკომპანია „პირველის" მიერ გადაცემის ანონსი გავრცელდა, სამცხის #17 ოლქის დეპუტატი ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა. ანტონ ობოლაშვილმა წერილი სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაავრცელა და ანონსს „ჟურნალისტის მიერ აშკარა ცილისმწამებლური ბრალდებები“ უწოდა.

Print