პოლიტიკა
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ აპრილში ფორმალურად წავა, მაგრამ არჩევნებამდე მთავრობის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს.

ოპოზიცია უკმაყოფილოა, რადგან თვლის, რომ ცვლილებები ფასადურია. პოლიტიკური ძალები კი ამბობენ, რომ თუ ფაშინიანს ძალაუფლება დარჩება, მაშინ არჩევნებს აზრი ეკარგება.

ექსპერტების აზრით, დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ნიკოლ ფაშინიანს ხელისუფლებაში დაბრუნება არ გაუჭირდება, ვინაიდან მას საკმარისი მომხრე ჰყავს. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ამ ეტაპზე მინიმალურია.

ვითარება სომხეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბაქომ და ერევანმა 2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. სწორედ ამის შემდეგ ქუჩებში უკმაყოფილების პირველი ტალღა აგორდა.

პროტესტი გამწვავდა 25 თებერვალს, მაშინ, როდესაც სომხეთის გენშტაბის უფროსმა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, ქვეყნის პრემიერმა კი ეს ნაბიჯი ამბოხებად შეაფასა და პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გადაყენების მოთხოვნით მიმართა. ამის შემდეგ ერევნის ქუჩებში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნები დააყენეს.
Print