პოლიტიკა
ხვალ 11:00 საათზე შევიკრიბოთ აქ „სტამბის“ წინ - ელენე ხოშტარია
პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11:00 საათიდან აქციას შეუერთდნენ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სასტუმროსთან დარჩებიან.

ჩვენ აქ ვიქნებით. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ხვალ 11:00 საათზე შევიკრიბოთ აქ „სტამბის“ წინ. თუ მთავრობა უქმნის კომფორტს ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელებს, ჩვენ ამის საშუალება მათ არ მივცეთ. მანამდე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მორიგ ჯერზე ნუ მიაყენებენ მოქალაქეებს შეურაცხყოფას. ნუ ცდიან მოთმინებას და როგორც მოითხოვს ჩვენი ქვეყნის კანონი, ღირსება, ისტორია, გაამგზავრონ აქედან ეს არასასურველი სტუმარი“,- განაცხადა ხოშტარიამ.

სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

რუსი პროპაგანდისტის, ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა აივნებიდან ევროკავშირის და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
საპროტესტო აქციამ რუმსთან მას შემდეგ გადმოინაცვლა, რაც პოზნერი თანმხლებ პირებთან ერთად რესტორან ვინოტელიდან სასტუმროში დაბრუნდა. პროტესტი თავიდან სწორედ რუმსიდან დაიწყო.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა, 50-დე ადამიანთან ერთად აქ დაბინავდა. მოგვიანებით ისინი, კომენდანტის საათის მიუხედავად, სავახშმოდ რესტორანში წავიდნენ, ავტობუსით და პოლიციის თანხლებით. ვლადიმირ პოზნერი საქართველოში დაბადების დღეს აღნიშნავს.

სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ პუტინის პროპაგანდისტებს არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტებმა პოლიციას მოუწოდეს, აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 ადამიანის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა.
Print