პოლიტიკა
32 დაჯარიმებული და დაგეგმილზე ადრე დატოვებული თბილისი - ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შედეგები
საქართველოს შს სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი“, - აცხადებენ შსს-ში.

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ თბილისის დროით დაახლოებით 08:00 სთ-თვის აფრინდა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების აცხადებდნენ, რომ პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მას საქართველო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს, როდესაც სასტუმრო "რუმსიდან" სასტუმრო "ვინოტელში" სავახშმოდ მივიდნენ.
Print