პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტს ორი ახალი მინისტრი ჰყავს
ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი წარადგინა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ მისი ბოლო სამუშაო დღე იყო. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
Print