პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს.

პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო გამოსვლები არ იქნება, რადგან საპასუხო განცხადებებით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. მოქმედ პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია "ქართული ოცნებაა", რომლის თავმჯდომარესაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.
Print