პოლიტიკა
გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვეს
ოპოზიციური პარტიის ორმა ლიდერმა "ევროპული საქართველო" ოფიციალურად დატოვა. გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ ამის შესახებ ფეისბუკში დაწერეს. გადაწყვეტილება პარტიის განახლების აუცილებლობით ახსნეს.

„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ", - დაწერა გიგი უგულავამ. 

ამავე პოზიციას იზიარებს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. მან პოლიტიკურ გეგმებზეც დაწერა. 

"ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და “ევროპული საქართველოდან” წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო!“ - წერს დავით ბაქრაძე.
Print