პოლიტიკა
განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება - ღარიბაშვილი
ჩვენ განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები. 

„ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განხილული იყო ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Print