პოლიტიკა
ამ საკითხში ეკლესიის მხარეს ვარ - მეგრელიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე
პარტია გირჩის ერთერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას იზიარებს.

საუბარია პანსიონზე, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება და სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ომბუდსმენი წლებია ამბობს, რომ პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

,,ეკლესიის მხარეს ვარ ამ საკითხში და სასწაულია, რომ ჩემი მთავარი მოკავშირე ამ თემაზე იქნება ეკლესია" - ამბობს მეგრელიშვილი გადაცემა "ჩათის" ანონსში.

გადაცემაში მეგრელიშვილი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ,,ბავშვებს უფლებები არ აქვთ". ამასთან, ის ფიქრობს, რომ "მშობლებს შვილების ცემის უფლება აქვთ".

,,საერთოდ ბავშვებს უფლებები არ გაქვთ... თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მოტყეპა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის. მე ვფიქრობ, რომ მშობლის უფლებაა [ბავშვის ცემა]... პაპაჩემს ჰქონდა დაწნული მავთულისგან მათრახი, რომლითაც მცემდა" - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.
Print