პოლიტიკა
მე არ ვაღმერთებდი - გახარია ბიძინა ივანიშვილზე
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არ აღმერთებდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ. პირველის" ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ივანიშვილი კულტი, გახარია ამბობს, რომ არა.

„არ არის ეს ყველაფერი ასე მარტივი. არა, მე არ ვაღმერთებდი. თუ მის მიმართ პატივისცემა მქონდა, ეს ჩემ მიერ აღიარებული პატივისცემა იყო“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, დღეს, ვინც ამინდს ქმნის, იმ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მისი აზრით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას მათთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს.

ამასთან, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი, ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში ველოდი, რადგან ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა. პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველაზე. რა თქმა უნდა იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი, ხელმძღვანელობაშიც. რა თქმა უნდა, უამრავი ღირსეული წარმომადგენელი „ქართული ოცნების“, ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს, ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია“, - განცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით გიორგი გახარია ასევე აცხადებს, რომ იქ არის „ერთი სიმართლე, ერთი ტყუილი და მორალურად ჩაფენილია, რომ გახარია მოღალატეა. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა“. გახარიას თქმით, ეს განცხადება მისთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი.

,,ამ განცხადებაში არის ორი საკითხი - რომ გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და რომ გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე - რომ გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი - რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ ოცნება ორი - რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. და ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა. არაფერი სხვა მნიშვნელოვანი იქ არ არის“, - აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ ასევე „ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც ისაუბრა. როგორც გახარია ამბობს, აღნიშნული „შეშინებული კაცის ბოდვაა".

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი არ არის. რეალობა იყო როგორი - პარტიის ხელმძღვანელობამ თხვონით მომმართა, რომ 13 თებერვალს შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო - მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და მათ სწორედ ამ პოზიციიდან ვუხსნიდი და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ, თქვენ მელიას იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ რამდენიმე მიზეზის გამო“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას მტკიცებით,იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პოზიცია ჰქონდათ, რომ ამის განხილვა სერიოზულად, როგორ შეიძლება - ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაც, ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3000 სპეცრაზმელით შეჭრა.

გახარიას თქმით, რაც არ უნდა მოღალატე დაუძახონ, ლექსიკას არ შეცვლის.

,,ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის, რომ მე მომიწია მძიმე ნაბიჯის გადადგმა და მე დღეს რეალურ პოლიტიკაში ვარ. რა თქმა უნდა - რაც არ უნდა დამიძახონ, მოღალატე - თვალთხარიაც დაუძახიათ ჩემთვის - მე ამასაც მოვითმენ. მე მესმის, ეს ჩემი ტვირთია - ის ტვირთია, რომელიც ჩემი მოქალაქეების წინაშე უნდა ვატარო და ამით მე ჩემს ლექსიკას არ შევიცვლი. ჩემი მიდგომა იმ რიგითი მოქალაქეების მიმართ რომლებიც სხვადასხვა ძალას და სხვადასხვა პლატფორმას წარმოადგენენ, რა თქმა უნდა არ შეიცვლება - იმიტომ რომ, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ - ვგულისხმობ სწორედ ამას", - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა ,,რეაქციაში“.

გახარიას თქმით, მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა, იქამდე ვიდრე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა "კავშირი ვერ შედგა".

,,მე მქონდა მცდელობა დაკავშირების სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასოდეს ამას ვერ გაბედავდნენ - ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში. მქონოდა მცდელობა დაკავშირების იმისთვის, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და ამის შემდგომ მე დავუძახე ჟურნალისტებს და გავაკეთე ის განცხადება რომელიც გავაკეთე", - ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, ივანიშვილის აიძულეს,რომ "ასეთი განცხადება გაეკეთებინა".

„მე არ დამირეკავს იმისთვის,რომ უნდა მეთქვა გადავდგები ან არ გადავდგები - ასეთი აზრიც არ მქონია... რეალურად არ დაგავიწყდეთ რომ მე პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად წარმადგინა ბიძინა ივანიშვილმა. მე რა თქმა უნდა, როგორც ყველა ობიექტური და გონიერი ადამიანი, ვაფასებ იმ ღვაწლს რომელიც ამ ადამიანს ამ ქვეყნის წინაშე აქვს. რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა მე, როდესაც კითხვა მქონდა - ამ კითხვაზე პასუხი არ მომეთხოვა... ის რომ მე იმ კითხვაზე - ჩემ კითხვაზე, რაც მქონდა მე პასუხი ვერ მივიღე - ჩემთვის ესეც პასუხი იყო და შესაბამისად მივიღე ის გადაწყვეტილება - მე თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და მე ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა. ახლა დღეს, რაც ხდება - ეს არის პოლიტიკური პროცესი. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - მე მოღალატეს დამიძახებენ თუ თვალთხარიას, მე ვიცი, რომ დღეს ის კაცი უბრალოდ აიძულეს, რომ ესეთი განცხადება გაეკეთებინა." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ 20 ივნისის თაობაზე ისაუბრა და უარყო, რომ ივანიშვილის ჩარევას ჰქონდა ადგილი.

„20 ივნისთან დაკავშირებით მე რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავჯდომარე - არცერთ შემთხვევაში მე არანაირი შეზღუდვა არც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ან ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე არ მქონია. არ ყოფილა შემთხვევა რომ პარტიის თავჯდომარე მაშინდელი - ბიძინა ივანიშვილი ჩემს პირდაპირ მოვალეობაში ჩარეულიყო", - განაცხადა მან.

კითხვაზე, 20 ივნისის სპეცოპერაცია ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის გარეშე იყო თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ "ეს ასე იყო"

„რა თქმა უნდა, ასე იყო. მე ვარ ის საჯარო მოხელე, რომელიც როგორც კი არალეგიტიმურად მის პირდაპირ მოვალეობაში, პასუხისმგებლობის ზონაში ერევიან და და მე არა მაქვს შესაძლებლობა, რომ ლაპარაკის და მოლაპარაკებების საფუძველზე კომპრომისს მივაღწიო - მე რა თქმა, უნდა გადავდგები, ვინც არ უნდა იყოს ეს - ბიძინა ივანიშვილი ან კიდევ ვიღაც სხვა. არა აქვს ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა... რომ ამოვწუროთ ეს თემა - მე დღეს ვარ ოპოზიციურ ფლანგზე. ჩემი კონკურენტების ერთი ნაწილი არის ხელისუფლებაში და დაიწყონ გამოძიება როგორიც უნდათ და მეორე არის პარლამენტში და შექმნან კომისია - ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. და ეს იქნება ჩემი მოქმედების ღირებულება ყოველ ნაბიჯზე, იმიტომ რომ მე არა მაქვს ამის შიში. მე ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ - ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ'' - განაცხადა გახარიამ.

Print