პოლიტიკა
ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატების და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს
ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ უმრავლესობის დეპუტატების და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმაა. უმრავლესობის წევრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შესაძლოა, საუბარი უმრავლესობაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხოს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს.

„სამუშაო ფორმატში გავივლით დეტალებს. მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავიანთ ხედვას გრძელვადიან განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ნახავთ პრემიერის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ იქნება, პარტიული და საარჩევნო საკითხები დღეს არ განიხილება, აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
Print