პოლიტიკა
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ტარდება. მასში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია. სომხეთის საარჩევნო სისტემის მიხედვით პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო ბლოკებმა 7-პროცენტიანი, რათა პარლამენტში მოხვდნენ.

ხმა უკვე მისცა მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ შექმნილი კრიზისის განსამუხტად მიიღო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა რობერტ ქოჩარიანმაც. ფაშინიანისგან განსხვავებით, ქოჩარიანის საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყო როგორც ადგილობრივი, ისე რუსული და საერთაშორისო მედია. 

ფაშინიანის მთავარ ოპონენტად ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია ,,სომხეთი" მოიაზრება.

25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. პოლიტოლოგების აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს ემხრობა, თუმცა ისინი მმართველი პარტიის ხელმძღვანელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს და აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას ვერ პატიობენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა ხმას მისცემს არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ მის წინააღმდეგ. 

კიდევ ერთი ფავორიტი, რობერტ ქოჩარიანი ცნობილია თავისი კარგი ურთიერთობით რუსეთთან. 2008 წელს ქოჩარიანის მმართველობის დროს ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ძალადობრივი გზით დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. მაშინ აქციაზე თავად ნიკოლ ფაშინიანიც დააკავეს. მას ბრალად არეულობის მოწყობა ედებოდა და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა მას ამნისტია შეეხო და ფაშინიანმა ციხე 2011 წელს დატოვა. რაც შეეხება თავად ქოჩარიანს, ის 2018 წლის ივლისს დააკავეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და კიდევ ორჯერ დააკავეს. ქოჩარიანის სახელი ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირდება.

არჩევნებში მთავრობის ყველაზე დიდ ოპონენტად პარტიები "აყვავებული სომხეთი" და "გაბრწყინებული სომხეთი" ითვლებიან.
Print