პოლიტიკა
"ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსა და „ნამახვანჰესის“ ინვესტორს შორის გაფორმებული კონტრაქტის არსებული პირობები მისთვის მიუღებელია.

„მე არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი დამხვდა მემკვიდრეობით და, რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, რომელიც კონტრაქტში წერია, თუნდაც 100 წელი და ა.შ. მე მქონდა საუბარი კომპანიის დამფუძნებელთან, რომელიც ჩემი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები გადაიხედოს. პროცესებში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აქტიურად არის ჩართული.


ამასთან, მე დავავალე იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო კონკურსის გამოცხადება და უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას შეისწავლის.

თუ კიდევ დამატებით შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ... იქ არის რაღაც პრინციპული საკითხები, რაც დამატებით ემოციას იწვევს ჩვენში და რაც აბსოლუტურად გასაგებია და ყველას გვესმის ეს, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რათა ეს პირობები იქნას შეცვლილი.

ამას გარდა, ჩვენ მედიაციის პროცესში ჩავრთეთ ევროკაშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი.

ასევე, მე პირადად არაერთხელ დავუდასტურე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს დიალოგის მზაობა, სრული გახსნილობა, გამჭვირვალობა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და აშენდეს ჩვენ ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი, მაგრამ გვაქვს ჰიდრორესურსები და შეგვიძლია გავიზიაროთ ევროპული პრაქტიკა - შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც უზარმაზარი ჰესები არის აშენებული და არავითარი ზიანი არ ადგება გარემოს. იქ, რა თქმა უნდა, წესების დაცვით ხდება ყველაფერი. ჩვენ თუ გონივრულად და რაციონალურად არ გამოვიყენებთ ენერგორესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენს სუვერენიტეტსა და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებაზე.

ყველა პროექტს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლობა მოაქვს, სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ყველა პროტესტი უნდა იყოს კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატული, დანარჩენი მიუღებულია“,
- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print
თეგები: ნამახვანჰესი /