პოლიტიკა
ახალციხის ა(ა)იპ-ებს დაფინანსება ეზრდებათ
ახალციხის ბიუჯეტის შემოსავლები სახელმწიფო ქონების რეალიზაციის ხარჯზე 2 მილიონით გაიზარდა. თანხის დიდი ნაწილი ახალციხის მერიის ა(ა)იპ-ების დაფინანსებასა და გზების მშენებლობაზე დაიხარჯება.

ბიუჯეტში შესული მეოთხე ცვლილება დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე, მეშვიდე სხდომაზე განიხილეს.

მერის ფინანსური კონსულტანტის განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო, გაიზარდა ორგანიზაციების კომუნალური ხარჯები. ახალციხის საკრებულოს დენის გადასახადი წელიწადში 26 000 ლარით, მერიის კი 30 000 ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, იზრდება ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ დაფინანსება. ორგანიზაცია დამატებით, 150 000 ლარს მიიღებს. მერიაში განმარტავენ, რომ ეს თანხა ობიექტს აუცილებელი ხარჯებისთვის სჭირდება. ახალციხის ციხეს 20201 წლის ბიუჯეტიდან 333 000 ლარი უკვე ჰქონდა გამოყოფილი. ჯამში, მიმდინარე წელს ობიექტი 483 000 ლარით დაფინანსდება.

„შეზღუდვების შემცირების მიუხედავად, ტურისტების ნაკადი არ არის ისეთი, რაც იყო პანდემიის საწყის ეტაპზე. აქედან გამომდინარე, საკუთარი შემოსავლები ახალციხის ციხეს იმ რაოდენობით არ გააჩნია, რაც ჰქონდა. აუცილებელია სუბსიდირება, რადგან ციხემ სრულყოფილადა გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განმარტა ვახტანგ თაქთაქიძემ.

მუხლები, სადაც დაფინანსება გაიზარდა:

  • ა(ა)იპ ახალციხის ციხე - 150 000 ლარი,
  • ა(ა)იპ „წყალმომარაგება და წყალანირება“ – 80 000 ლარი,
  • ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“ – 56 000 ლარი,
  • ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანება - 15 000 ლარი,
  • ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა - 23 000,
  • ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა - 35 000 ლარი,
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - 25 000 ლარი,
  • გზების მშენებლობა - 637 622 ლარი,
  • წყალსადენის და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 20 986 ლარი,
  • ფასადები და სახურავები - 115 945 ლარი,
  • პარკები და სკვერები - 250 555 ლარი,
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 50 000 ლარი,
  • ახალციხის მერის სტიპენდიები - 20 000 ლარი,
  • სპორტული ობიექტების აღჭურვა და რეაბილიტაცია - 304 892 ლარი,
  • შშმ პირთა დახმარება - 49 500 ლარი,
  • დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარება - 9 100 ლარი,
  • უხუცესთა და ობოლ ბავშვთა დახმარება - 21 400 ლარი,
  • სამედიცინო მომსახურების დაფინანსება - 80 000 ლარი.

შემცირდა:

  • ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - 230 000 ლარით. თანხიდან 60 000 სარეზერვო ფონდში გადაირიცხება, 170 000 გარე განათებაზე დაიხარჯება.
  • გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა - 44632 ლარი,
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია - 16 830 ლარი,
  • კულტურის ობიექტების აღჭურვა რეაბილიტაცია - 354 214 ლარი,
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზები - 3 454 ლარი,
ჯამში, შემცირებული 419 130 ლარით გაიზარდა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის მუხლი.


Print