პოლიტიკა
აზერბაიჯანი სომხეთს უარს ეუბნება დერეფნის გახსნაზე - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქო არ აპირებს, სომხეთს გაუხსნას დერეფანი სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის ასამოქმედებლად.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა - არ დააბრუნოს სამხედრო ტყვეები, მძევლები ან სხვა დაპატიმრებულები, არ არის 9 ნოემბრის სამმხრივი განაცხადის დარღვევის ერთადერთი ფაქტი. მოგეხსენებათ, 9 ნოემბრის განაცხადი ითვალისწინებს ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკურ განბლოკვას.

აზერბაიჯანი ხელს უშლის ამ პროცესს არა მხოლოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის აშკარა საფრთხეებით, არამედ იმითაც, რომ, ვალდებულებების მიუხედავად, სომხეთს უარს ეუბნება დერეფნის გახსნაზე - სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-რუსეთის რკინიგზის ასამოქმედებლად.

მე არაერთხელ მივესალმე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სომხეთი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები, მაგრამ აზერბაიჯანი ამას არ პასუხობს. არაოფიციალური წყაროების თანახმად, აზერბაიჯანი აპირებს ახალი სამხედრო შეტაკებების პროვოცირებას არცახსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამის გამოვლინებებს დღეს ჩვენ ვხედავთ ნახიჩევანში.

ძალის გამოყენება და მასობრივი დანაშაულები ვერ გადაწყვეტს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს. მისი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის - ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადება, რომლითაც ისინი მხარეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი თანათავმჯდომარეების ეგიდით, მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მოგვარებას“
, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
Print