პოლიტიკა
წითელი ხაზები არსებობს და საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე - ირაკლი კობახიძე
იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.

რაც შეეხება ფრენებს, კობახიძის განმარტებით, ფრენების განახლება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის და აღნიშნულით საქართველოს ასიათასობით მოქალაქეა დაინტერესებული.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა გვაქვს, არსებობს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან. ამ წითელი ხაზის ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება ზოგადად მსჯელობა. ეს ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, ვერ გადაიკვეთება, დანარჩენზე, ვნახოთ, რაზეა საუბარი.

იქიდან გამომდინარე, რომ წითელი ხაზები არსებობს, საუბარი ვერ იქნება დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მსგავსი ტიპის ურთიერთობებზე, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს.

ფრენებიც არის ეკონომიკური საკითხი და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება“,
- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრ ბიკანტოვის განცხადებით, რუსეთი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად.
Print